GEO | ARM | ENG | RUS
სომხეთი

          სომხეთის რესპუბლიკა (სომხურად , Հայաստանի Հանրապետություն [hɑjɑstɑˈni hɑnɾɑpɛtuˈtʰjun], айастани́ анрапетутю́н) ჰაიასტანი ჰანრაპეტუტიუნ), არის სახელმწიფო ამიერკავკასიის სამხრეთ ნაწილში. ის ესაზღვრება აღმოსავლეთით და სამხრეთ–აღმოსავლეთით აზერბაიჯანს, სამხრეთით ირანს, სამხრეთ–დასავლეთით ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას (აზერბაიჯანის ექსკლავი), დასავლეთით თურქეთს და ჩრდილოეთით საქართველოს. ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. 

          სომხეთის თანამედროვე ტერიტორია 1826-1828 წლების რუსეთ–სპარსეთის ომის შემდეგ მთლიანად შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. 1920 წლის 29 ნოემბერს სომხეთში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და და შეიქმნა სომხეთის სსრ. 1922-1936 წლებში სომხეთის სსრ შედიოდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალიტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, 1936 წლის 5 დეკემბრიდან – როგორც საბჭოთა რესპუბლიკა. სომხეთში 1991 წლის 21 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით 1991 წლის 23 სექტემბერს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო „სომხეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. 1991 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა სსრკ უმაღლესი საბჭოს უკანასკნელი სხდომა, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირმა ფორმალურად შეწყვიტა არსებობა. 1992 წლის 22 მარტს სომხეთის რესპუბლიკა მიღებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

          1988 წელს დაიწყო სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი, რომელსაც თან ახლდა ეთნიკური წმენდა, საყოველთაო დეპორტაცია და მთელი რეგიონების სატრანსპორტო–ეკონომიკური ბლოკადა, რაც სსრკ–ს დაშლის შემდეგ ომში გადაიზარდა. საომარ მოქმედებათა შედეგად 1992-1993 წლების განმავლობაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით კონტროლი დაამყარეს აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონზე, რომლებიც ესაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს (მათ შორის იმ მიწებზე, რომლებიც ადრე ჰყოფდა სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს), რაც გაეროს უშიშროების საბჭომ შეაფასა როგორც სომხეთის ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია. შემდგომში ეს ტერიტორიები შევიდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ სტრუქტურაში. გარდა ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისიდან სომხეთის ტერიტორიის ნაწილს (არწვაშენის ექსკლავი) აკონტროლებს აზერბაიჯანი. სომხეთი, თავის მხრივ. აკონტროლებს აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილს (კიარკის, ბარხუდარლის, ზემო ასკიპარას ექსკლავი).

                                   სომხეთის დროშა                                                           სომხეთის ღერბი

                                                           

         სომხურად ქვეყნის სახელწოდება „სომხეთი“ ჟღერს „ჰაიკ“ (სომხ.Հայք). შუა საუკუნეებში სახელწოდებას დაემატა ირანული სუფიქსი „სტან“ (მიწა), და ქვეყანას ეწოდა „ჰაიასტან“ (სომხ.Հայաստան ). ქვეყნის სახელწოდება წარმოდგება სომხების ლეგენდარული წინამძღოლისგან – აიკისგან, რომელმაც ლეგენდის მიხედვით ძვ. წელთაღრიცხვით 2492 წელს ბრძოლაში დაამარცხა ასირიის მეფის ბელას ჯარი, შემდეგ კი შექმნა პირველი სომხური სახელმწიფო. ეს წელი პირველ წლად ითვლება ტრადიციულ სომხურ კალენდარში.

          სომხეთი მცირე აზიისა და ამიერკავკასიის უძველესი სახელმწიფოა, ის ერთ–ერთი უძველესია მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთში. სომხეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია ტრადიციული
თარიღის მხედვით – 301 წელს).

         ისტორიამდელი ხანა

         კლდეზე ნახატი გამოსახულება, რომელიც ნაპოვნია სიუნიკის მარზის ერთ–ერთ გამოქვაბულში.

უძველესი ადამიანის ცხოვრების კვალი აღმოჩენილია სომხეთის მთიანეთის სხვადასხვა რაიონებში: არზნიში, ნურნუსში და სხვა ადგილებში აღმოჩენილია სადგომები ქვის იარაღებით. რაზდანის ხეობაში, ლუსაკერტში და ა. შ. ნაპოვნია გამოქვაბულები–სადგომები. ყველაზე უძველესი, პალეოლითის ხანის ქვის იარაღების ასაკი 800 ათასი წელია. ნაპოვნია აგრეთვე ნეოლითის ხანის პირველყოფილი ადამიანების სადგომები. მთებში აღმოჩენილია კლდეზე ნახატი მრავალი გამოსახულება ნადირობის სცენებით. დაახლოებით 10 ათასი წლის წინ ნადირობა და შეგროვება შეცვალა მესაქონლეობამ და მიწათმოქმედებამ. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის პირველი დასახლებები წარმოიქმნა არარატის  ველზე, შირაქში  და ა.შ.

          თანამედროვე ერევანის ტერიტორიაზე შენგავიტის რაიონში 1938 წელს აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის დასახლება, რომელიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის V–III ათასწლეულებით. ნაპოვნია ციკლოპური სიმაგრეები, საკულტო ნაგებობები, საცხოვრებლები, რომლებიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის I–III ათასწლეულებით. არქეოოლოგიური გათხრების მონაცემებით დასტურდება, რომ სომხეთის მთიანეთის მცხოვრებნი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაეუფლნენ ბევრ ხელობას. მაგალითად, ცნობილია, რომ ისინი ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვის IV–V ათასწლეულებში ადნობდნენ სპილენძს, ხოლო ძვ. წელთაღრიცხვის II ათასწლეულში – რკინას.

       უძველესი ხანა

       გარნის ტაძარი, ძვ. წელთაღრიცხვის I ს.

სომხეთი რომის იმპერიის რუკაზე, 395 წ.

 ისტორიულად ანტიკური ხანიდან თვით XX საუკუნის დასაწყისამდე სომხეთი ეწოდებოდა ოლქს, რომელიც დასახლებული იყო სომხებით ძვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან მაინც, და განლაგებული იყო მტკვრიდან ტიგროსის, ევფრატის სათავეებამდე და ურმიის ტბამდე 357 900 კვ. კმ ტერიტორიაზე. სახელწოდება ცნობილია ძვ. წელთაღრიცხვის VI საუკუნის ბოლოდან (უძველესი გამოჩენილი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების რუკებზე სომხეთი აღნიშნულია სპარსეთის, სირიის და სხვათა უძველესი სახელმწიფოების გვერდით; საჩვენებელია ჰომეროსის, ჰეკატე მილეტელის, პტოლომეოსის და ბევრი სხვა რუკები), როდესაც სომხეთი მოხსენიებულია სპარსეთის იმპერიის სატრაპად. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა სომხეთის სამეფოები: აიარარატის სამეფო და სოფენა, რომლებიც შემდეგ სელევკიდებმა დაიპყრეს; რომაელების მიერ მათი განადგურების შემდეგ ძვ. წელთაღრიცხვის II საუკუნეში წარმოიქმნა სამი სომხური სახელმწიფო: დიდი სომხეთი, მცირე სომხეთი და სოფენა. ტიგრან II–ის დროს დიდი სომხეთი გადაიქცა უზარმაზარ იმპერიად, რომელიც ვრცელდებოდა პალესტინიდან კასპიის ზღვამდე; მაგრამ ტიგრანი დამარცხდა რომაელებთან და დაკარგა ყოველივე დაპყრობილი, გარდა თვით დიდი სომხეთისა (სომხეთის მთიანეთი ევფრატს, მტკვარსა და ურმიას შორის) და სოფენასი, დაახლოებით 220 000 კვ. კმ ტერიტორია. შემდგომში დიდი სომხეთი გადაიქცა ბუფერულ სახელმწიფოდ პართიასა და რომს შორის. 387 წელს დიდი სომხეთი გაიყო: ძირითადი ნაწილს დაეპატრონა სპარსეთი, უფრო მცირე ნაწილს – რომი, შემდეგ დიდი სომხეთი დაიპყრეს არაბებმა.

           უახლესი ხანა

        ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის შედეგად ოტომანური სომხეთის მოსახლეობა ამოწყდა 1915 წლის გენოციდის შედეგად. 1918 წლის 28 მაისს რუსეთის სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა რუსეთის იმპერიის ყოფილი ერივანის გუბერნიისა და ყარსის ოლქის ტერიტორიებზე. 1920 წლის შემოდგომაზე მომხდარი სომხეთ–თურქეთის ომის შედეგად გაიმარჯვეს ქემალისტებმა რუსეთის ბოლშევიკების მხარდაჭერით; იმავე წლის 29 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევიდა რუსეთის მე–11 არმია (საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ითვლებოდა, რომ ეს თარიღი არის სომხეთის სსრ–ს გამოცხადების დღე); იმავე წლის 2 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ მიიღო რსფსრ–ს ულტიმატუმი, რომელიც წამოუყენა რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბ. ვ. ლეგრანმა (სომხეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად რსფსრ–ს პროტექტორატით).

           1922 წლის 22 მარტიდან სომხეთი იყო ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი; 1922 წლის 30 დეკემბრიდან ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა სსრკ–ში. 1936 წლის 5 დეკემბრიდან შედიოდა უშუალოდ სსრკ–ს შემადგენლობაში როგორც მოკავშირე რესპუბლიკა.

          1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო „სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“, რაც ნიშნავდა „დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების პროცესის დაწყებას. მას ეწოდა სომხეთის რესპუბლიკა“, რომელიც რჩებოდა სსრკ–ს შემადგენლობაში. 1991 წლის 17 მარტს სომხეთი შეეწინააღმდეგა რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრკ–ს შენარჩუნების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას.

         1991 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა რეფერენდუმი სსრკ–ს შემადგენლობიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დამყარების შესახებ. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა უმრავლესობამ ამ საკითხს დადებითად უპასუხა.

          1991 წლის 23 სექტემბერს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა მისი დამოუკიდებლობა.

         სომხეთის რესპუბლიკა სსრკ–ს შემადგენლობაში რჩებოდა მის დაშლამდე – 1991 წლის 26 დეკემბრამდე.

         იმის მიუხედავად, რომ სომხეთი მდებარეობს აზიაში, მას მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირები აქვს ევროპასთან. სომხეთი ყოველთვის იმყოფებოდა ევროპისა და აზიის შემაერთებელ გზაჯვარედინზე, ამიტომ მას განიხილავენ როგორც ტრანსკონტინენტურ სახელმწიფოს.

          სომხეთი იყოფა 11 პროვინციად (მარზად, სომხ. մարզ):

          სომხეთის პროვინციების რუკა

 

 

 

 

 

 

 

1. არაგაცოტნი (სომხ.Արագածոտնի մարզ ) – ქ. არტაშაკი.

2. არარატი (სომხ.Արարատի մարզ ) – ქ. არტაშატი.

3. არმავირი (სომხ.Արմավիրի մարզ) – ქ. არმავირი.

4. გეგარკუნიკი (სომხ.Գեղարքունիքի մարզ) – ქ. გავარი.

5. კოტაიკი (სომხ.. Կոտայքի մարզ ) – ქ. რაზდანი.

6. ლორი (სომხ.. Լոռու մարզ) – ქ. ვანაძორი.

7. შირაქი (სომხ.Շիրակի մարզ) ქ. გიუმრი.

8. სიუნიკი (სომხ.Սյունիքի մարզ) – ქ. ღაფანი.

9. ტავუში (სომხ.Տավուշի մարզ ) – ქ. იჯევანი.

10. ვაიოცძორი (სომხ.Վայոց Ձորի մարզ ) – ქ. ეღეგნაძორი.

11. ერევანი (სომხ.. Երևան) – ქ. ერევანი.

        სომხეთი ინდუსტრიულ–აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას გააჩნია სპილენძ–მოლიბდენის და პოლიმეტალების მადნების, სამშენებლო ქვის, მინერალური წყლების დიდი მარაგები, ძვირფასი ლითონების, ნახევრად ძვირფასი და სანაკეთო ქვების საბადოები. განვითარებულია სინთეზური კაუჩუკის, წარმოება, საფეიქრო, კვების მრეწველობა, საშენ მასალათა წარმოება და მანქანათმშენებლობა.

           2008 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე – $2.628. 2008 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარის პარიტეტით) შეადგენდა $5.437.

            2007 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურის შეფასება ასეთია:

მომსახურების დარგი – 46,4%; მრეწველობა – 35%; სოფლის მეურნეობა – 17.2%. მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 75%–ს იწარმოება კერძო სექტორში.

          საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთმა წარმატებით განახორციელა ბევრი ეკონომიკური რეფორმა, მათ შორის პრივატიზაცია, ფასების რეფორმა, აგრეთვე გონივრული საგადასახადო პოლიტიკა. ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია დიდი ეკონომიკური დაქვეითება 1990-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ 1994 წელს სომხეთის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით წამოიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაციის ამბიციური პროგრამა, რამაც დააჩქარა ზრდის ტემპები. ბოლო წლებში შეიმჩნევა საშუალოდ 13%–იანი ეკონომიკური ზრდა. სომხეთმა შეძლო სიღარიბის, ინფლაციის შემცირება, ვალუტის სტაბილიზაცია და მრავალი მცირე და საშუალო საწარმოს პროვატიზაცია. ცენტრალიზებული დაგეგმვის საბჭოთა სისტემის შესაბამისად სომხეთში ვითარდებოდა ინდუსტრიული დარგი, აწვდიდა ჩარხებს, ქსოვილებს და სხვა სამრეწველო საქონელს მეზობელ რესპუბლიკებს ნედლეულისა და ენერგიის სანაცვლოდ. სსრკ–ს დაშლის შემდეგ სომხეთი დიდი აგროსამრეწველო კომპლექსებიდან გადავიდა წვრილ სოფლის მეურნეობაზე. მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რომელიც აშენდა 1970 წელს, დაიხურა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ 1988 წელს, თუმცა სადგური არ დაზიანებულა. ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორიდან ერთი ისევ გაიხსნა 1995 წელს, მაგრამ სომხეთის მთავრობა განიცდის საერთაშორისო დაწოლას რეაქტორის გაჩერების მიზნით, რადგან არსებობს შიში, რომ რეაქტორების უსაფრთოება საკმარისად არ არის გაანგარიშებული. მეწამორის ატომური ელექტროსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის 40%–ს, ჰიდროენერგეტიკა გამოიმუშავებს დაახლოებით 25%–ს.
          ეკონომიკური კავშირები რუსეთთან დღესაც საკმაოდ მჭიდროა, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში. ელექტროენერგიის განაწილების სისტემის პრივატიზაცია ჩატარდა 2002 წელს, და ის შეიძინა რაო ეეს–მა 2005 წელს. 2007 წელს დასრულდა ირანიდან სომხეთში გადასაზიდი აირსადენის მშენებლობა. სომხეთს გააჩნია სასარგებლო წიაღისეული (სპილენძი, ოქრო, ბოქსიტები). ექსპორტის ყველაზე დიდი წილი მოდის საოქრომჭედლო ნაკეთობებზე (ექსპორტის 45%), აგრეთვე სპილენძზე, მოლიბდენზე და სხვა ფერად ლითონებზე. სერიოზული შეუსაბამობა სავაჭრო ურთიერთობებში, რაც განპირობებულია თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური იზოლაციით, სომხეთში ნაზღაურდება გარკვეული საერთაშორისო დახმარებით (მათ შორის სომხური დიასპორისა), ფულადი გზავნილებით საზღვარგარეთ მომუშავე სომხებისაგან, და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. სომხეთი 2003 წელს შეუერთდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას. მიუხედავად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისა, უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია.

          2007 წელს სომხეთი გაეროს ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსით 84-ე ადგილზე იყო, რაც ამიერკავკასიის ქვეყებს შორის საუკეთესოა. 2007 წელს კორუპციის აღქმის ინდექსით სომხეთს ეკავა 99-ე ადგილი 179 ქვეყნიდან. 2008 წელსეკონომიკური თავისუფლების ინდექსით სომხეთს ეკავა 28–ე ადგილი და უსწრებდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, საფრანგეთი, პორტუგალია და იტალია.

          ვალუტა

500 დრამიანი კუპიურა

 სომხეთის ფულის ერთეულია დრამი, რომელიც უდრის 100 ლუმს. ფულად მიმოქცევაშია 10, 20, 50, 100, 200, 500 დრამიანი მონეტები, აგრეთვე 1000, 5000, 10000, 20000, 50000 და 100000 დრამიანი კუპიურები. 50000 დრამიანი კუპიურა გამოუშვა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა 2001 წელს სომხეთის მიერ ქრისტანობის მიღების აღსანიშნავად. კუპიურებზე გამოსახულია გამოჩენილი სომეხ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა პორტრეტები, აგრეთვე სომხური ხუროთმძღვრების ძეგლები.

         სომხეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის ფუძემდებელი დოკუმენტია კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს 1995 წლის 5 ივლისის რეფერენდუმზე. კონსტიტუცია ამტკიცებს სომხეთს როგორც სუვერენულ, დემოკრატიულ, სოციალურ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, და იგი ხორციელდება თავისუფალი არჩევნების, რეფერენდუმების, საშუალებით, აგრეთვე კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობრივი პირების საშუალებით.

         პრეზიდენტი

        სერჟ სარქსიანი

        სომხეთის პრეზიდენტები:

  • ლევონ ტერ–პეტროსიანი (1991 წლის 16 ოქტომბერი – 1988 წლის 3 თებერვალი),
  • რობერტ ქოჩარიანი (1988 წლის 4 თებერვალი – 2008 წლის 9 აპრილი),
  • სერჟ სარქსიანი (2008 წლის 9 აპრილიდან).

          უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კრება. ეროვნული კრება შედგება 131 დეპუტატისაგან (2007 წლიდან 41 დეპუტატი ირჩევა მაჟორიტარულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, 90 დეპუტატი – პროპორციული სისტემით). ეროვნული კრება ირჩევა საერთო–სახალხო არჩევნებით ხუთწლიანი ვადით.

          ბოლო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2007 წლის 12 მაისს. ადგილების დაახლოებით ნახევარი მიიღო სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ (32.8% პროპორციული სიებით, 41 ადგილიდან 24 მაჟორიტარულ ოლქებში). მეორე ადგილზე გავიდა სომხეთის ექს–პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაარსებული „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი (14,7%), მმართველი პარტიული კოალიციის პარტიამ „დაშნაკცუტიუნმა“ მიიღო 12,7%. ოპოზიცია წარმოდგენილია ორი პარტიით –ლიბერალური „ორინაც ერკირ“–ით (კანონიერების ქვეყანა“), რომლის მეთაურმა არტურ ბაღდასარიანმა მიიღო პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის წინადადება გამხდარიყო სომხეთის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივანი, რის გამოც პარტია „ორინაც ერკირ“ აღარ არის ოპოზიციური, და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიით „მემკვიდრეობა“.

          არჩევნების შედეგებით დეპუტატის 131 მანდატიდან სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო 65 ადგილი, პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ – 25 ადგილი, „დაშნაკცუტიუნმა“ – 16 ადგილი, პარტია „ორინაც ერკირ“–მა – 9 ადგილი, ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ „მემკვიდრეობა“ – 7 ადგილი, პარტია „დაშინკმა“ („ალიანსი“) – 1 ადგილი (მაჟორიტარულ ოლქში), უპარტიოებმა – 8.

          აღმასრულებელი ხელისუფლება

         ძირითადი მუხლი: სომხეთის ხელისუფლება

        პრეზიდენტი სადეპუტატო ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე ნაციონალურ კრებაზე ნიშნავს პრემიერ–მინისტრად იმ პირს, რომელიც სარგებლობს დეპუტატთა უმრავლესობის ნდობით, და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იმ პირს, რომელიც სარგებლობს დეპუტატთა უმეტესი რაოდენობის ნდობით. პრეზიდენტი პრემიერ–მინისტრის წინადადებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მთავრობის წევრებს.

         სასამართლო ხელისუფლება

       სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედებს საერთო იურისიქციის პირველი ინსტანციის სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საკასაციო სასამართლო, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სპეციალიზებული სასამართლოებიც. სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გარდა, არის საკასაციო სასამართლო, რომელსაც ევალება კანონის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას სომხეთის რესპუბლიკაში ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო.

      სასამართლოების დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონებით. კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილი წესით ყალიბდება და მოქმედებს მართლმსაჯულების საბჭო.

        სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურა წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელსაც მეთაურობს გენერალური პროკურორი. პროკურატურა მოქმედებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, კანონის საფუძველზე.

დამოუკიდებლობის თარიღი  - 1991 წლის 23 სექტემბერი.

ოფიციალური ენა - სომხური

დედაქალაქი - ერევანი

უდიდესი ქალაქები - ერევანი, გიუმრი, ვანაძორი

მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა

პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი

პრემიერ–მინისტრი ტიგრან სარქისიანი


           ტერიტორია

სულ - 29 743 კმ2

წყლის ზედაპირის - 141-ე ადგილი მსოფლიოში,  4,7%

მოსახლეობა - 2007 წ. 3.229.900 მლნ. (134-ე)

 ვალუტა სომხური დრამი (AMD, კოდი 51)

 ინტერნეტ–დომენი .am

კოდი ISOARM

ტელეფონის კოდი +374

საათური სარტყელი +4
 

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია