GEO | ARM | ENG | RUS
სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესია

ისტორიულ–დოკუმენტური ნარკვევი

თავისი სარწმუნოებრივი მოძღვრების უცვლელად მიმდევარი სომხეთის სამოციქული ეკლესია დღეს გეოგრაფიულად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. IV საუკუნიდან მოყოლებული მილიონობით სომეხი, რომლებსაც ხან არაბები სდევნიდნენ, ხან თურქები, იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ სამშობლო და მოდებულიყვნენ მთელ ქვეყნიერებას. XX საუკუნის ტრაგიკულმა მოვლენებმა – სომხების გენოციდმა ოსმალურ თურქეთში 1915 წელს – გამოიწვია ხალხის მასობრივი გადასახლება დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებში. დღეს სომეხთა 60 პროცენტი ცხოვრობს სომხეთის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნებას, კულტურასა და რელიგიას. მათ ამაში მთელ მსოფლიოში გავრცელებული სომხური ეკლესიაც ეხმარება. გრიგოლ განმანათლებლის რწმენის უქრობი ლამპარის შუქი უსხივოსნებს გულებსა და სულებს სომხებს, რომლებიც განგების ძალით დედა ეკლესიიდან – მთავარი სატახტო წმინდა ეჩმიაძინიდან გეოგრაფიულად მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ.

პირველი საეკლესიო–ადმინისტრაციული ერთეულები – საეპისკოპოსოები, მმართველობები და სამრევლოები შექმნა სომხური ეკლესიის დამაარსებელმა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა. მან საეკლესიო იერარქია ააგო სახელმწიფო ადმინისტრაციული სისტემის პრინციპით და ყოველ სამთავროსა და ოლქში აკურთხა თითო ეპისკოპოსი. წმინდა გრიგოლის საგანმანათლებლო მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სომხეთის საზღვრებით. მისი მონდომების წყალობით ქრისტიანული ხარება აღიქვა მეზობელმა ხალხებმაც, მით უმეტეს, რომ მაშინ სომხური ეკლესიის ღვთისმსახურება სრულდებოდა ბერძნულ და სირიულ ენებზე.

პირველი ეპარქიები სომხეთის საზღვრებს გარეთ, რომლებიც საკათალიკოსოებს არ ემორჩილებოდა, ამოქმედდა X საუკუნის ბოლოს. კათალიკოსმა ხაჩიკ I არშარუნმა (973-992 წწ.), რომელიც სათავეში ედგა ეკლესიას ანის სამეფოს დროს, დაამკვიდრა ეპარქიები ქალაქებში ანტიოქიაში, ტარსონსა და ტრაიანოპოლისში. ამ დროიდან სომხური ეკლესიის ადმინისტრაციული საზღვრები დგინდებოდა არა პოლიტიკური, არამედ აღმსარებლობითი პრინციპით: ამიერიდან ნებისმიერი სომხური სათვისტომო, ადგილმდებარეობისა და სტატუსის მიუხედავად, შედიოდა ეკლესიის შემადგენლობაში. რთული ისტორიული გარემოებები იყო მიზეზი სომხურ ეკლესიაში რამდენიმე იერარქიული ხელისუფლების წარმოქმნისა, რომლებსაც გააჩნდათ ადგილობრივი შეზღუდული ხელისუფლება და აღიარებდნენ ეჩმიაძინის კათალიკოსის სულიერ წინამძღოლობას. ამჟამად არსებობს სამი საკათალიკოსო: კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსო, რომლებშიც შედის ლიბანის, ირანის, სირიისა და კვიპროსის ეპარქიები; იერუსალიმის საპატრიარქო, რომლის იურისდიქციაში შედის ისრაელისა და იორდანიის სომხური სამრევლოები; კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელიც აერთიანებს თურქეთისა და კუნძულ კრეტას სამრევლოებს.

უცხოეთის ეპარქიების ძირითადი ნაწილი დაარსდა XX საუკუნის 60-იან წლებში სრულიად სომხების კათალიკოსის ვაზგენ I–ის (1955-1994) მეცადინეობით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხური ეკლესიის საეპარქიო წყობა რამდენადმე შეიცვალა. ამჟამად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მოქმედებს ოთხი ეპარქია. ნოვო–ნახჭევანის და რუსეთის რუისეთის ეპარქია სომხური ეკლესიის ყველაზე დიდი წარმონაქმნია და მოიცავს რუსეთის, მოლდავეთის, ბელორუსიის, ბალტიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ტერიტორიებს. 1997 წელს ჩამოყალიბდა სამხრეთ რუსეთის ეპარქია ცენტრით კრასნოდარში და უკრაინის ეპარქია ცენტრით ლვოვში. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს ეპარქია ცენტრით თბილისში.

სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში არსებობს რვა ეპარქია:

არარატის ეპარქია, რომელშიც შედის ერევანი და არარატის ოლქი, შირაქის ეპარქია ცენტრით გიუმრიში, არმავირის ეპარქია ცენტრით ვაგარშაპატში, გეგარკუნიკის ეპარქია ცენტრით გავარში, რომელშიც შედის აგრეთვე სევანის რეგიონი, სიუნიკის ეპარქია ცენტრით გორისში, რომელშიც შედის სიუნიკი და ვაიოც ძორი, არაგაცოტნის ეპარქია ცენტრით ოშაკანში, გუგარკის ეპარქია ცენტრით ვანაძორში, რომელშიც შედის აგრეთვე გუგარკი და ტავუში, კოტაიკის ეპარქია ცენტრით წაჰკაძორში. ერთი – არცახის ეპარქია ცენტრით შუშში – მდებარეობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში.

სომხური ეკლესიის დანარჩენი ეპარქიებია:

აზიაში – ატროპატენის ეპარქია ცენტრით თავრიზში (მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანის ოლქებს ირანში), თეირანის ეპარქია (თეირანი და მიმდებარე რაიონები), ისპაჰანის ეპარქია (შირაზი და ჰუზისტანი), ერაყის ეპარქია ცენტრით ბაღდადში, ბერიის ეპარქია ცენტრით ჰალებში (მოიცავს სირიას); აფრიკაში – ეგვიპტის ეპარქია ცენტრით კაიროში (მოიცავს ეგვიპტის სამრევლოს, ეთიოპიის და სუდანის საეკლესიო სამრევლოებს, აგრეთვე სამხრეთ აფრიკის სომხურ სათვისტომოს); ჩრდილოეთ ამერიკაში – აღმოსავლეთ (ნიუ–იორკი) და დასავლეთ (ლოს–ანჟელესი) ამერიკის და კანადის (მონრეალი) ეპარქიები; სამხრეთ ამერიკაში – არგენტინის (ბუენოს–აირესი), ბრაზილიის (სან–პაულუ), ურუგვაის (მონტევიდეო) ეპარქიები; ავსტრალიაში – ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპარქია ცენტრით სიდნეიში; და ბოლოს, ევროპაში – ინგლისის (ლონდონი), საბერძნეთის (ათენი), რუმინეთის (ბუქარესტი), ბულგარეთის (სოფია), გერმანიის (კიოლნი), შვეიცარიის (ჟენევა) ეპარქიები.

მოქმედებს აგრეთვე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამი საპატრიარქო საეგზარხოსო:

• დასავლეთ ევროპის საეგზარხოსო ცენტრით პარიზში (მოიცავს პარიზს, მარსელს, ლიონს, ჰოლანდიის, ბელგიის, იტალიის საეკლესიო სამრევლოებს, აგრეთვე ალბანეთის სომხურ სათვისტომოს);
• ცენტრალური ევროპის საეგზარხოსო ცენტრით ვენაში (მოიცავს ავსტრიისა და შვეციის საეკლესიო სამრევლოებს, ნორვეგიის, ფინეთისა და დანიის საეკლესიო სათვისტომოებს);
• ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის საეგზარხოსო ცენტრით კალკუტაში (მოიცავს ინდოეთის, სინგაპურის, ინდონეზიის, ბირმისა და ჩინეთის საეკლესიო სამრევლოებს და სომხურ სათვისტომოებს).

საპატრიარქო ეგზარხოსი მოსკოვში არის ნოვო–ნახჭევანის და რუსეთის ეპარქიის წინამძღოლი ეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი.

1988 წელს იძულებით შექყვიტა საქმიანობა აზერბაიჯანის ეპარქიამ. მაგრამ ბაქოს ცენტრში ძველებურად დგას სომხური ტაძარი.

 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია